პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამერიკელი კონგრესმენის ჯონ უილსონის კანონპროექტს, MEGOBARI Act-ს "მუქარის აქტს" უწოდებს.
ვოლსკი კვლავ იმეორებს ოცნების რიტორიკას და ირწმუნება, რომ რუსულ კანონს "არაფერი არაევროპული არ გააჩნია".
"ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკელი მაღალჩინოსანი, ო’ბრაიენი საქართველოში იმყოფებოდა, შარლ მიშელის განცხადებაც გავიგონეთ ამასთან დაკავშირებით, გაგვიჩნდა მოლოდინი, ვინმე მაღალი დონიდან - აშშ-დან, ევროკავშირიდან, განაცხადებდა, რომ გამჭვირვალობაში არავითარი პრობლემა არ არის და რომ დაუშვებელია არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკაში ჩართვა. მით უმეტეს ისეთი პროექტების დაფინანსება, რომელიც ყველა ნიშნით ახლოსაა ამ დესტაბილიზაციის პროგრამებთან, რომლებიც გააჩნია რადიკალურ ოპოზიციას.
ველოდებოდით ამ განცხადებას და, რასაკვირველია, ეს აქტიც, პროექტის პროექტი, რომლის განხილვის პროცედურა არ დაწყებულა, იქნებოდა გარკვეულწილად მართლაც მეგობრობის და არა მუქარის აქტი, რომელიც სამწუხაროდ, მოვისმინეთ" - თქვა ვოლსკიმ.
ამერიკელი კონგრესმენის ჯონ უილსონის კანონპროექტი, MEGOBARI Act აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება რუსულ კანონზე უარს იტყვის.